ბახმარო

 

 ბახმარომეტად თავისებური, უნიკალური კურორტია. ის მდებარეობს გურიის რეგიონის ერთ-ერთ თვალწარმტაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა- გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. რკინიგზის უახლოესი სადგურია საჯავახო (20კმ). ჩოხატაურის ცენტრიდან ბახმარო დაშორებულია 52 კილომეტრით. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება. დასავლეთის მხრიდან კურორტის ტერიტორია გახსნილია, რაც ხელს უწყობს ხეობაში ზღვის ბრიზების შემოჭრას ხოლო ასეთი ჰაერის ნაზავი სამკურნალო-პროფილაქტიკური თვალსაზრისით საუკეთესოა ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა: სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებები, ტუბერკულოზი, სისხლნაკლებობა, ბრონქიალური ასთმა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი - ივნისი-სექტემბერი. ზამთარში თოვლის საფარი ძალიან მაღალია (4-5 მ) და რჩება 6 თვემდე. კურორტის აღმოსავლეთით მდებარე მთა გადრეკილი მოხერხებული ადგილია მზის ამოსვლის საცქერლად.

1997წელს ბახმაროში დასრულდა ფერიცვალების ეკლესიის მშენებლობა.

Read more: ბახმარო

ნაბეღლავი

 ნაბეღლავი - გუბაზეულის ხეობის ულამაზესი ბალნეოლოგიური კურორტია, იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 470 მეტრის სიმაღლეზე. ჩაფლულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყის მასივში, მთის სწრაფი და ანკარა მდინარის გუბაზეულის სანაპიროზე. ხასიათდება უნიკალური კლიმატური და ბალნეოლოგიური პირობებით, ძვირფასი მინერალური სამკურნალო წყლებით. ნაბეღლავის წყალი ბორჯომის წყლის ტიპისაა, რომელიც წარმატებით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღველე გზების, თირკმელების, ძვალ-სახსრების, კანის, ნერვიული სისტემის დაავადების სამკურნალოდ. იხმარება, როგორც დასალევად ასევე აბაზანის სახით. ნაბეღლავის სამკურნალო თვისებებით სარგებლობდა როგორც საქართველოს ასევე მის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მოსახლეობა. კურორტის მაღალი სამკურნალო ეფექტიანობის გამო დამსვენებელთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა და კურორტით სარგებლობა მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. მკურნალობის კურსი მოიცავდა 12-18 დღეს. მართალია,კურორტზე ორგანიზებული დასვენება 90 იან წლებში გაუქმდა, (არსებობდა კეთილმოწყობილი დასასვენებელი სანატორიუმი )   მაგრამ დამსვენებლები  დღესაც  აქტიურად  აგრძელებენ მკურნალობას კერძო, ინდივიდუალურ სახლებში დასვენებას, რაც მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს გუბაზეულის ხეობაში საოჯახო და აგროტურიზმის განვითარებას, რადგან გარდა სამკურნალო წყლების გამოყენებისა დამსვენებლები იყენებენ საკვებად ადგილობრივად წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს(რომლის წარმოების პროცესში ისინი აქტიურად მონაწილეობენ.მაქსიმალურად ითვისებენ ამ ზონაში გავრცელებულ კენკროვან(მოცვი) და ტყის მცენარეულ ნაყოფს(წაბლი,წიწიბო,ტყის ვაშლი და სხვა)მისდევენ თევზაობას და ეცნობიან  გურიისთვის დამახასიათებელ  მრავალ სხვა საინტერესო ტრადიციებს.

სანისლია

 სანისლია - ბალნეოთერაპიისა და სამკურნალო ფისკულტურის განყოფილების, ასევე ჰიდრომინერალური რესურსების შემსწავლელი განყოფილების დასკვნის საფუძველზე, თბილი წყლები გამოდის, როგორც ძირითად ქანებში გაჩენილი ნაპრალებიდან, ისე მდინარეული ნაყარი მასალიდან. ტიპიური ანალიზის საფუძველზე სანისლიის წყალი ასპინძისას ემსგავსება, ჩანს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში წყლის ტიპი და მინერალიზაციაც უცვლელია.
 სანისლია, სადაც ფუნქციონირებს აბანო ბალნეოლოგიური წყლებით, რომელიც კურნავს საყრდენ - სამოძრაო ორგანოებისა და პერიფერიულ ნერვული სისტემის ქრონიკული, ანთებითი ხასიათის დაავადებებს. საჭიროა მისი კლინიკური და ექსპერიმენტული შესწავლა.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG