„მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“
ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ - პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გახსნა. გამგებელმა, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა პროექტის მნიშვნელობასა და განსახორციელებლ აქტივობებზე ისაუბრა. სტუმრებს ევროკავშირის დელეგაციის სახელით დომინიკას კუბიდასი მიესალმა. პრეზენტაცია პროექტის დირექტორმა ნანა თავდუმაძემ წარმოადგინა. სამომავლო გეგმებზე პროექტის კოორდინატორმა ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელმა მინდია სალუქვაძემ ისაუბრა.
პრეზენტაციას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ევროკავშირის კონკურსის გამარჯვებული პროექტი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას. აერთიანებს გურიის ყველა მუნიციპალიტეტს. პროექტში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციები: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. გუნდი საერთო პრინციპებზე დაყრნობით გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე იმუშავებს.
დასახული მიზნების მისაღწევად პროექტი მიმართულია:
• ადგილობრივ თვითმმართველობასა და ადგილობრივ არასახელისუფლო სექტორებს შორის თანამშრომლობითი და ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე.
• გურიის ტურისტული პოტენციალის გამოკვლევასა და შეფასებაზე.
• ტურისტული ადგილებისა და შესაბამისი ბიზნესსექტორების მდგრადი განვითარებისთვის მონაწილეობითი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე.
• მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერაზე და განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების ლობირება რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
პრეზენტაციის შემდეგ მოხდა სამეთვალყურეო საბჭოს დებულების განხილვა - დამტკიცება. საბჭოს წევრებმა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და მომავალი შეხვედრის თარიღზე შეთახმდნენ.