,,რა ყოფილა გურია''
დეკემბერს, პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში, სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა გურიის მხარისა და ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, რომელიც ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა პროექტის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, შესასრულებული სამუშაოები და საჭიოროებათა კვლევები, პროექტში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა პროექტის ვიზუალი, შეიქმნა პროექტის ლოგო და სლოგანი „რა ყოფილა გურია“. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ, რომელიც ამავდროულად პროექტის დირექტორია, ჩატარებულ ტრენინგებსა და ორგანიზაციულ განვითარებებზე მიაწოდა ინფორმაცია პროექტის მონაწილეებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პროექტი „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“, ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია, ის გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს და მიმართულია გურიის პოტენციალის გამოკვლევასა და შეფასებაზე, მოქალაქეთა მცირემაშტაბიანი აქტივობების მხარადჭერაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე.