ბახმარო

 

 ბახმარომეტად თავისებური, უნიკალური კურორტია. ის მდებარეობს გურიის რეგიონის ერთ-ერთ თვალწარმტაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა- გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. რკინიგზის უახლოესი სადგურია საჯავახო (20კმ). ჩოხატაურის ცენტრიდან ბახმარო დაშორებულია 52 კილომეტრით. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება. დასავლეთის მხრიდან კურორტის ტერიტორია გახსნილია, რაც ხელს უწყობს ხეობაში ზღვის ბრიზების შემოჭრას ხოლო ასეთი ჰაერის ნაზავი სამკურნალო-პროფილაქტიკური თვალსაზრისით საუკეთესოა ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა: სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებები, ტუბერკულოზი, სისხლნაკლებობა, ბრონქიალური ასთმა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი - ივნისი-სექტემბერი. ზამთარში თოვლის საფარი ძალიან მაღალია (4-5 მ) და რჩება 6 თვემდე. კურორტის აღმოსავლეთით მდებარე მთა გადრეკილი მოხერხებული ადგილია მზის ამოსვლის საცქერლად.

1997წელს ბახმაროში დასრულდა ფერიცვალების ეკლესიის მშენებლობა.


 20 საუკუნის დასაწყისიდან სათავეს იღებს კურორტ ბახმაროში, სეზონის დასრულების აღსანიშნავი ტრადიციული დოღი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ცხენოსნები. ამ დროს კურორტ ბახმაროში თავს იყრიან როგორც ადგილობრივი დამსვენებლები, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები, რომელთა საერთო რაოდენობა ზოგჯერ 10 000 აღემატება. ხდება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ გურული სამზარეულო. ღონისძიების ბოლოს იმართება დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ადგილობრივი მხატვრული კოლექტივები და მოწვეული ცნობილი ქართველი ვარსკვლავები. ყოველი წლის 19 აგვისტოს კურორტ ბახმაროს ფერისცვლების სახელობის ეკლესიაში ტარდება წირვა-ლოცვა.
 კურორტ ბახმაროში ავსტრიელი ექსპერტების მიერ ჩატარებული იქნა კვლევები თოვლის ხარისხზე და სათხილამურო ტრასების მოწყობის პერსპექტივებზე. ამ კვლევებზე დაყრდნობით, მომზადებული იქნა ბახმაროს განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე აშენდება სასტუმროები , ბავშვთა გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები. შეკეთდება გზები, გაკეთდება ჭაბურღილები, რათა კურორტს მუდმივად მიეწოდებოდეს წყალი, მოხდება ელექტროენერგიით მომარაგება.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG