,,ტურიზმი და რეალობა’’ ჩოხატაურში პროექტს ახორციელებს

2014 წლის 3 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობა’’-ის წარმომადგენლები ქალბატონი ნინო დევიძე და ბატონი ონისე წურწუმია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს  სამსახურების უფროსებს, სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობა’’ ჩოხატაურში ახორციელებს პროექტს ,,ჩოხატაურის რაიონის ტურისტული კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა’’, რომლის მიზანია ადგილზე პოტენციური ტურისტული რესურსის აღწერა, ახალი და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტის შექმნა და პოპულარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის იმ სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფების დასაქმება და ჩართვა ტურისტულ ბიზნესში, რომლებსაც არასაკმარისი კონკურენტუნარიანობა გააჩნიათ შრომის ბაზარზე. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება  რაიონის   სოციალურ-ეკონომიკური პირობები. საგულისხმოა, რომ თანადამფინანსებელი მუნიციპალიტეტის გამგეობაა.

პროექტი, პირველ ეტაპზე, იმ საინტერესო აქტივობებს მოიცავს, რომლითაც შესაძლებელი გახდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 62 სოფლისა და დაბის ტურისტული რესურსის საყოველთაო აღწერა, მოკვლეული მასალის დამუშავება, მონაცემთა ბაზის შექმნა, ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენა და ტურისტული სააგენტოებისათვის შეთავაზება. განვითარდება ტურიზმის სხვადასხვა სახეობა, ხელი შეეწყობა ტრადიციული ნაწარმისა და სუვენირების წარმოება-გასაღებას, მომზადდება რუსულ და ინგლისურენოვანი გიდები,  მოეწყობა გამოფენები.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვებგვერდი, მომზადდება ფოტო და ვიდეო ინფორმაცია, რუკები, გზამკვლევი, ბროშურები, სარეკლამო რგოლები.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG