საქრთველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ჩოხატაურში

 საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაალ მამალაძესთან ერთად, ჩოხატაურში სოფელ ზემო ფარცხმაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ოფიცრის, კაპიტან მერაბ ახობაძის ოჯახს ესტუმრა. მინისტრმა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს, სიმბოლურად საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა. 
 თავდაცვის მინისტრთან ერთად, დაღუპული გმირის ოჯახში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე იმყოფებოდნენ. 
 მოგვიანებით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაბა ჩოხატაურის ხიდს აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირის, მერაბ ახობაძის სახელი მიანიჭა და მემორიალური დაფა გახსნა.
 კაპიტანი მერაბ ახობაძე 1979 წლის 7 ნოემბერს ჩოხატაურში დაიბადა. 1997 წელს დაამთავრა ჩოხატაურის N1 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში გააგრძელა.
 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კაპიტანი მერაბ ახობაძე IV ქვეითი ბრიგადის 41-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის S-3-ის ასისტენტად მსახურობდა. მერაბ ახობაძეს მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩა.
 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას თინათინ ხიდაშელი, „გურია ნიუსის“ ორგანიზებით, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ გურიის მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ევროკავშირსა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა.

საქრთველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ჩოხატაურში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG