გუბერნატორმა ‘’წყალი მარგებელის’’ მშენებარე ქარხანა დაათვალიერა

"წყალი მარგებელი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარელ და ავსტრიელ ინსტიტუციონალურ პარტნიორებთან ერთად უალკოჰოლო სასმელების ჩამოსასხმელ ქარხანას აშენებს. 
ნაბეღლავში, სს „წყალი მარგებელის“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობა დღეს გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ირაკლი კუჭავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაალ მამალაძესთან ერთად დაათვალიერა. 
პროექტი, ხორციელდება ნაწილობრივ EBRD-ის საკრედიტო ხაზის დაფინანსებით. მისი პირველი ეტაპის ღირებულება არის 32 000 000 EUR. პროექტში მონაწილეობას იღებენ გერმანული Krones, ავსტრიული Rauch და შვედური Tetra Pak კომპანიები. 
არსებული ქარხნის 4,000 m2 ფართობს დაემატება მშენებარე 16,000 m2 შენობა, სადაც განთავსებული იქნება უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი 7 საწარმოო ჩამოსასხმელი ხაზი, რომელიც საშუალებას იძლევა აწარმოოს არამარტო არსებული ბრენდები „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“, არამედ 100% ნატურალური წვენები სხვადასხვა შეფუთვაში (მუყაოს, პეტის, შუშის და ალუმინის სხვადასხვა ფორმატები), ნექტარები, ცივი ყავა, ცივი ჩაი, ლიმონათები და სხვა პროდუქტები. აშენდება გადაღვრილი წყლის ბიოლოგიური გადამამუშავებელი სადგური.
აღსანიშნავია, ისიც რომ ახალი ქარხნის შენობების გაგრილება-გათბობისა და ვენტილაციის სისტემებისთვის და აგრეთვე ტექნოლოგიური მიზნებისათვის გამოყენებული იქნება არატრადიციული განახლებადი ენერგია, რაც ეკოლოგიურს გახდის წარმოებას. ქარხნის მშენებლობა 2015 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.

გუბერნატორმა‘’წყალი მარგებელის’’ მშენებარე ქარხანა დაათვალიერა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG